„თელედა ორგო“ – ერთი ღვინო, ორი ხედვა
თელედა ორგო 2011 წელს დააარსეს გიორგი დაქიშვილმა და მამუკა წერეთელმა. მათი განსხვავებული გამოცდილება ადგილობრივი ენოლოგის ღრმა ცოდნა და იმპორტიორის გლობალური ხედვა ერთმანეთს კარგად შეერწყა. შედეგად, შეიქმნა ბრენდი, რომელმაც ქართული ტრადიცია და თანამედროვე ღვინის კულტურა გააერთიანა.
გიორგი დაქიშვილს ამ სფეროში საქმიანობის დიდი და წარმატებული გამოცდილება აქვს. მისი ოჯახის რამდენიმე თაობა უშუალოდ იყო ჩართული მევენახეობა-მეღვინეობაში. თავადაც ბავშვობიდან კარგად ესმის ვაზის ენა. მეღვინეობას მხოლოდ პროფესიად არ აღიქვამს - ცხოვრების წესია.


მამუკა წერეთელი კი იმ ადამიანებს შორისაა, ვინც ხელი შეუწყო ამერიკაში ქართული ღვინის პოპულარიზაციას და სწორად შეაფასა მსოფლიო ბაზარზე მისი პოტენციალი და კულტურული ღირებულება. ორ ათეულ წელიწადზე მეტია ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტია და თავისი საქმიანობით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.
ამ ორი ადამიანის უდიდესი ძალისხმევის ნაყოფია წარმატებული მეღვინეობა, სადაც უძველესი მეთოდით დაყენებული ღვინო თანამედროვე ენაზე გვესაუბრება.
ადგილი, სადაც ტრადიცია ერწყმის ინოვაციას
„თელედა ორგო“ მდებარეობს კახეთის ცენტრში, თელავში – რეგიონში, სადაც მეღვინეობა 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიციით ვითარდება. თელავი უძველესი დასახლებაა, რომელიც ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში არსებობდა, ელინისტურ ეპოქაში კი მნიშვნელოვანი სავაჭრო-გეოგრაფიული პუნქტი გახდა.
კომპანიის სახელწოდება უძველეს ტოპონიმსა და ტექნოლოგიას აერთიანებს: „თელედა“ თელავის ანტიკური სახელია, „ორგო“ - ძველ საქართველოში ქვევრის სარქველს ერქვა, რაც სიმბოლურად ღვინის წარმოშობის სიძველეზე მიანიშნებს. ჩვენი ღვინოები სწორედ ამ დიდი გამოცდილების ნაყოფია - ადგილის, სადაც ვაზი ტერუარის საუკეთესო თვისებებს აირეკლავს და სადაც ტრადიცია და ინოვაცია ერთმანეთს ერწყმის.
ბორჯრალი და მარადისობა
„თელედა ორგოს“ ლოგო ბორჯღალია – მზის უძველესი ქართული სიმბოლო, რომელიც სინათლისა და სითბოს, მარადისობისა და ნაყოფიერების, მუდმივი წრებრუნვის ნიშანია. ის ენერგიაა, რომელსაც მზე აწვდის ვაზს, იქიდან კი სასმელში გადაინაცვლებს. ბორჯღალი თავის თავში ამ „ცოცხალ სიმბოლოს“ ატარებს – მარადიულ ენერგიას, რომელიც ერთდროულად ისტორიულიცაა და თანამედროვეც.
მზის მარადისობა ღვინის თითოეულ ბოთლში – ემოციური კოდია, რასაც შეიგრძნობთ ჩვენი ღვინოების დაგემოვნებისას.

საქართველო - ვაზის სამშობლო
საქართველო მეღვინეობის უძველესი ქვეყანაა – ადგილი, სადაც ვაზს და ადამიანს 8000 წლის უწყვეტი თანაცხოვრება აკავშირებს. არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს, რომ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI ათასწლეულში ამ ტერიტორიაზე მცხოვრებნი უკვე აწარმოებდნენ ღვინოს – არა მხოლოდ როგორც სასმელს, არამედ კულტურულ და სარიტუალო ღირებულებას.
ეს უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება გაამყარა პროფესორ პატრიკ მაკგოვერნის და პენსილვანიის უნივერსიტეტის გუნდის კვლევებმა, რომელთაც შულავერის გორასა და გადაჭრილი გორის თიხის ჭურჭელში ღვინის მჟავებისა და ღვინოსთან დაკავშირებული ბიომოლეკულების კვალი აღმოაჩინეს. სწორედ ამ კვლევამ დაუდო საფუძველი საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს საერთაშორისო აღიარებას.
„თელედა ორგო“ ამ ისტორიულ მემკვიდრეობას აგრძელებს ღვინოებით, რომლებიც ვაზისა და ადამიანის უძველესი ურთიერთობის შესახებ გვიყვება. დიალოგი დღესაც გრძელდება – თითოეული მტევნით, ქვევრითა და ღვინის ბოთლით, სადაც ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი ერთიანდება.