ძველი ვაზი და ტრადიციული ჯიშები

„თელედა ორგოს“ სიძლიერე ძველი ვენახია – 50 წლის და უფრო ხანდაზმული ვაზის ძირები, რომლებიც შედარებით მცირე მოსავალს იძლევა, თუმცა სხვებისგან განსხვავებით, მეტი სიღრმით და ელეგანტურობით გამოირჩევა. ძველ ვაზს აქვს განსაკუთრებული უნარი მაქსიმალურად შეაგროვოს ნიადაგის სიმდიდრე და მზის ენერგია, რაც საბოლოოდ ღვინის მდიდარ გემოვნურ თვისებებსა და ხასიათზე აისახება.

დიდი ყურადღება ეთმობა ხელით კრეფას და მოსავლის საგულდაგულო გადარჩევას – პროცესს, რომლის დროსაც  ქვევრში მხოლოდ ჯანსაღი, კარგად დამწიფებული მტევნები ხვდება. ამ მიდგომის წყალობით, „თელედა ორგოს“ ბრენდის თითოეული ბოთლი შრომისა და განსაკუთრებული მოვლის შედეგია – სასმელი, რომელიც  მზის სითბოსა და ნიადაგის ძალასთან ერთად, ადამიანური ენერგიითაც ივსება.

ვენახების სპეციფიკა

„თელედა ორგოს“ ვენახები მდებარეობს წინანდლის მიკროზონაში –კონდოლსა და კურდღელაურში. საუკეთესო ბუნებრივი პირობების გამო ჩვენმა წინაპრებმა ეს ტერიტორია საუკუნეების წინ შეარჩიეს ვაზის გასაშენებლად.  ხელსაყრელი მიკროკლიმატისა და  ნაყოფიერი ნიადაგის წყალობით აქ გამორჩეული ღვინოები მიიღება. ადგილობრივი მიწის  ზედა ფენა მოიცავს თიხისა და ქვიშის ნაზავს, ქვედა  კი მდიდარია კალციუმით, რაც კარგ დრენაჟს უზრუნველყოფს.  ეს ბალანსი ღვინის სტრუქტურასა და გემოვნურ თვისებებზე  აისახება.

წინანდლის მიკროზონა ასევე გამოირჩევა დაბალი ტენიანობით და მზიან დღეთა სიუხვით, რაც ვაზისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.  მთელი ზაფხულის მანძილზე მზის სითბო   ყურძნის მტევნებში ჩაიღვრება, სიტკბოთი ავსებს  და შემდეგ უკვე ღვინოში  გარდაიქმნება არომატად, სხეულად და ფერად.

რქაწითელი, ქისი, საფერავი და კახური მწვანე – ქართული ვაზის ის ენდემური ჯიშებია, რომელთაგან „თელედა ორგოს“ შესანიშნავი კომპლექსური, საუცოოსტრუქტურისა და ხასიათის ღვინოები დგება.

ქვევრი – ღვინის არქაული ტექნოლოგია

„თელედა ორგოს“ მარნებში ღვინოს ქვევრში ვამზადებთ, რაც უზრუნველყოფს ღვინის ბუნებრივ დუღილსა და დავარგებას – პროცესს, რომლის დროსაც ტემპერატურის ცვალებადობა მოზომილად მიმდინარეობს და ტანინისა თუ  არომატული ნაერთების მაქსიმალური ექსტრაქცია ხდება.

„თელედა ორგოს“ ორი მარანი 49 დიდ ქვევრს მოიცავს, რომელთა მოცულობა 2000 ლიტრია. თითოეული მარნის ნამდვილ გულად იქცა – ადგილად, სადაც ღვინო მეღვინეს „ესაუბრება.“ აქ დაყენებულ სასმელს კომპლექსური გემოები, დაბალანსებული ტანინები და მკვეთრად გამოხატული სხეულიანობა ახასიათებს.

ტრადიციული  კახური ქვევრის  მეთოდის გარდა, ვიყენებთ ასევე კლასიკურ ევროპულ ტექნოლოგიას. ექსპერიმენტებსაც მივმართავთ. ასეთია „თელედა ორგოს“ კახური მწვანესგან დაყენებული „ბრუტი“ – ცქრიალა ღვინო, რომელიც თავდაპირველად  ქვევრში დადუღებული წვენით მზადდება და ბოთლში მეორადი ფერმენტაციის გზით სრულდება.

მდგრადი მევენახეობა – ეკოსისტემის პატივისცემა

ჩვენი კომპანია მკაფიოდ მისდევს მდგრადი მევენახეობის პრინციპებს, რაც ადგილობრივი ეკოსისტემისა და ბუნებრივ ციკლთა პატივისცემას, ნიადაგის, ვაზისა და გარემოს დაცვის ერთიან მიდგომას მოიცავს. სამუშაო პროცესში მინიმალურად ვიყენებთ მოსავლის დაცვისთვის საჭირო პრეპარატებს. ვცდილობთ,  მეტი ყურადღება დავუთმოთ ბუნებრიობას. სხვა ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია ნულოვანი ნარჩენების პოლიტიკაც, რაც აძლიერებს სასმლის სისუფთავესა და ეკოლოგიურ სანდოობას.

ჩვენთან დაფასებულია პიროვნული შრომა  - პატივისცემით ვეპყრობით  პროცესში ჩართულ თითოეულ ადამიანს.

„თელედა ორგოსთვის“ ეკოსისტემის  მდგრადობა პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც დამფუძნებლები მეღვინეობის დაარსების დღიდან მისდევენ. გვჯერა, რომ ნიადაგის ჯანმრთელობა  დიდწილად განსაზღვრავს ღვინის ხასიათსა და ენერგიას და ეს თითოეული სეზონის მოსავალზე აისახება.